“მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების”.

დავით გურამიშვილი მეჩვიდმეტე საუკუნის გამოჩენილი მწერალია, რომელიც თავის ნაშრომ “დავითიანში” მსჯელობს ბევრ ზოგადსაკოცობრიო თემაზე – ამათგან ერთ-ერთი მთავარი პოეზიის და მწერლის დანიშნულება არის ადამიანის ცხოვრებაში.
   თავის სათქმელს პირდაპირ და შეულამაზებლად ამბობს. მწარე რეალობას გვიყვება და გული შესტკივა ქართველებზე.  ცუდის თქმა  მნიშვნელოვან და სანუკვარ თემაზე მარტივი როდისაა, თვითონვე ამბობს – “რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება”.  მაგრამ ხალხის აზრი როდი აფრთხობს, თავის მოვალეობად თვლის, რომ ადამიანებს თვალები აუხილოს – ” ტყუილი ვთჰქვა, თქმული ჩემი შეიქმნების რა სავარგი?”.   იგი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ  იმ ცხოვრებაში, აქ მოხვეჭილი სახელი შეასრულებს გარდამტეხ როლს.
  “მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების” – სახელმწიფო ხალხის ერთობლიობაა. ერთი ადამიანის ჩადენილი ცოდვა, შეიძლება მეორე წამხედურმა გაიმეორეს თუ მაშინვე არ მივახვედრებთ და ვასწავლით რა არის კარგი და ცუდი.  ამიტომ არ იხევს დავით გურამიშვილი უკან. მას საქართველო და მისი მომავალი ადარდებს.  ის აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც ხალხში თავის გამოჩენისთვის სიკეთეს ქადაგებენ, თუმცაღა თავიანთი ქცევით საპირისპიროს ამტკიცებენ – ” სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არ აკრძალავს”. არ შეუძლია, “უკუღმართი” ადამიანებს ეპირფეროს. გმობს ყველანაირ მლიქვნელობასა და პირმოთნეობას.
    დავით გურამიშვილი, როგორც ყველა პოეტი” შუა-კაცია” ღმერთსა და ადამიანებს შორის. მისი მთავარი მიზანი ქართველი ხალხის დამცირება არ არის – როგორ შეიძლება ერთი ქვეყნის შვილებს ერთმანეთისთვის ცუდი უნდოდეთ? ” მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს”. ეს ჯანსაღი კრიტიკაა, მწარე სიმართლე, რომელიც უნდა მივიღოთ და შევეცადოთ აღმოვფრხვათ.
  “დავითიანი” მდიდარია მეტაფორებით, სიმბოლოებითა და ალუზიებით. მაგალითა მეტაფორაა – “მრუდად ხნას და თესოს, ფარცხოს” – აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც  არასწორად ცხოვრობს. “ვაზის მრგველი”  -კეთილი საქმის გამკეთებელი ადამიანი.  ასევე ტექსტში  იყენებს ქართულ ანდაზას – “ძალა აღმართს ხნავს”.  თუ დავაკვირდებით სტროფების ტაეპები მთავრდება ერთსა და იმავე მარცვლებზე, რაც ტექსტს ანიჭებს თავისებურ რიტმასა და რითმს. სწერის სტილით კი,  ჰგავს იოანე საბანისძეს,  ავტორს, რომელმაც რეალიზმს საფუძველი ჩაუყარა ქართულ მწერლობაში.
 

“ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი”.

ყველაფერი ჩვენგან მსხვერპლს მოითხოვს. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ “არაფრისგან წარმოიშვება არაფერი”. ყოველთვის გვჭირდება ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის გამოვლა, რომ წარმატების გემო გავიგოთ. გავიხსენოთ ბუდა, მან განსხივოსნებას, სულიერ სიწმინდეს 49დღის შემდეგ მიაღწია. მანამდე კი შიმშილობდა,  ლეღვის ხის ქვეშ კი  მარას, ცდუნების დემონს ებრძოდა.
   დავით გურამიშვილის აფორიზმამდე აყვანილი “ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი”,  არის ფრაზა, რომელიც ჭეშმარიტი იქნება ყველა რწმენის ხალხისათვის, რადგანაც არ არსებობს რელიგია, რომელიც ქადაგებს, რომ ჩვენ ბედნიერების მიღწევა შეგვიძლია დაბრკოლებების გარეშე. ბიბლიური პერსონაჟი იობი ამის ნათელი მაგალითია.  ყველა გაჭირვებას ღირსეულად დაუხვდა. მოთმინებაც ბევრი ჰქონდა და ღმერთისათვის არასდროს უსაყვედურია, რადგან იცოდა რომ ბოლოს რაღაც ლამაზი, არაამქვეყნიური ელოდა.
     მოთმინების გამოჩენა რთულია, ძალიან რთული. მაგრამ თუ დავუჯერებთ ფილოსოფოსებს, როგორებიც არიან სოკრატე და ფსევდო-დიონისე, უნდა გავიაზროთ რომ ყველაფერი წარმავალია და სამუდამო არაფერია. ტანჯვას  ბედნიერება შეცვლის. უსიამოვნებას კი სიამოვნება. ეს ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რათა არავითარ შემთხვევაში არ დანებდნენ თავიანთი ოცნებების გზაზე.  სიცოცხლე დაბრკოლებების უწყვეტი ნაკადია. პირველს მეორე მოჰყვება, მეორს მესამე და ასე შემდეგ. რაღა აზრი ექნება ცხოვრებას თუ  ამ წინაღობებს ვერ გადავლახავთ?!  ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ თუ არ გამოვივლით უბედურებას, არასდროს გვეცოდინება ბედნიერების ფასი. თუ არასდროს გვიომია, ვერ მივხვდებით რას ნიშნავს სიმშვიდეში ცხოვრება.   ყველაზე ლამაზი მაგალითი კი ალბათ მშობიარობაა. არ ყოფილა ქალი, რომელმაც მშობიარობა ტკივილის გარეშე გადაიტანა, მაგრამ იმის მერე რაც ხელში დაიჭერს თავისი ბავშვი და პირველად მოეფერება, ყველანაირი ტკივილი დაავიწყდება და ნეტარებას მიეცემა.
   ასე, რომ თუ გვინდა რაიმეს მივაღწიოთ, გავიგოთ ბედნიერებისა და წარმატების ფერები, ჯერ აუცილებელია, რომ სირთულეები გადავლახოთ.

ლიტერატურის როლი.

ლიტერატურა ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ის გვაყალიბებს პიროვნებად და გვასწავლის ზნეობას. მწერლები თავიანთ ლიტერატურულ ნაშრომებს ბავშვივით უფრთხილდებიან. ნაწარმოებებში აქსოვენ (მათთვის ყველაზე მნიშნვნელოვანს) თავიანთ ემოციებსა და ფიქრებს. ამიტომაც, ყველა მწერლისათვის გასახარისი და საამაყო იქნება თუ მკითხველს რამეს ასწავლის.
  

  სწორედ ეს არის მიზეზი, იმისა, რომ დავით გურამიშვილმა “დავითიანს” ასეთი საინტერესო, მთრთოლავ ლიზირზმამდე აყვანილი ეპიგრაფი წაუმძღვარა. თვითონ მწერლის ცხოვრება ტრაგიკილობით სავსე იყო – მას არ გააჩნდა არაფერი მნიშვნელოვანი გარდა ამ წიგნისა, ამიტომაც სურდა პოემა გზა-კვალის მკაფავი ყოფილიყო ყველასთვის, ვინც მას ხელს მოჰკიდებდა. ესაა მიზეზი, იმისა, რომ ნაშრომს – “სარწყავს”, ხოლო მკითხველებს “ყანას” უწოდებდა.
   

  ვფიქრობ, ყველა მკითხველის ვალია ნაშრომის დასასრულს გამოიტანოს დასკვნა თუ რა ასწავლა ამა თუ იმ წიგნმა.  ყოველთვის საჭიროა, პროზებსა და პოემებში, მხატვრული, ესთეთიკური ფასადით ტრფობის გარდა, ფილოსოფიური თეზები აღმოვაჩინოთ. მწერლის ვალდებულება კი,  “შუა კაცის” (ა. წერეთელი) როლის შეასრულებაა, რომ ხელი მოჰკიდოს დაცემულ ადამიანს და ადგომაში დაეხმაროს. სწორედ ეს იქნება ,როგორც გურამიშვილი ამბობს, “წყლურზედ წამალი”. იმედი ავტორისთვის, რომ ენერგია და ღონე, რომელსაც ნაწარმოების დაწერისთვის ხარჯავს, უკვალოდ არ გაქრება. ბიბლიაში წერია : “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი” – სწორედ სიტყვის მეშვეობით შთაბერა მან უსულოს სული, უსიცოცხლოს სიცოცხლე.  ასევე არის მწერალიც, რომლის კალამს შესწევს ძალა, რომ “წმინდა სიტყვა უშიშრად მოჰფინოს ხალხში”.

ანტონ ჩეხოვი – “პალატა ნომერი ექვსი”

ვიზრდებით და ნელ-ნელა ფერადი სამყარო შავ-თეთრი ხდება. ყველაფერი გვბეზრდება, ყველაფერს ვეჩვევით , აღარ ვრეაგირებთ  ბედასლობასა და ფლიდობაზე.  ავისა და კარგის განსჯის ხელოვნებასაც ვივიწყებთ. ფილოსოფიური გულგრილობა, ყველაფრის ამაოება და ტკივილის არარსებობის კონცეფცია ჩვენი ხასიათის  განუყრელი ნაწილი ხდება და ვემსგავსებით საბრალო ანდრეი ეფიმიჩს, უგრძნობლობით განმსჭვალულ და გადაღლილ ადამიანს. ის არის ექიმი, რომელიც ხალხის დახმარების ნაცვლად იმას ითვლის თუ რამდენი პაციენტი მოატყუა წლების განმავლობაში. არ ეხმაურება ნიკიტას, რომელიც ნომერი ექვსი პალატის, ე.წ სულით დაავადებულ პაციენტებს ვერაგულად უსწორდება. არ განსჯის მომვლელებს, რომლებიც პაციენტების ნივთებს იპარავენ და ყიდიან. განა იმიტომ, რომ არ ამჩნევს ან ერიდება შენიშვნის მიცემა, უბრალოდ მისთვის სულ ერთია.  ამ ყველაფრის შემდეგ კი, მჭერმეტყველურად საუბრობს თავის მეგობართან თუ როგორი სულის შემხუთველი ცხოვრებაა ქალაქში და როგორი დაბალი მისწრაფებანი გააჩნია სოციუმს.
  

მაგრამ ყველა ადამიანს აქვს გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში, რომელიც გვიცვლის მთელ მსოფლმხედველობას. ეს ახლიდან დაბადებას ჰგავს, თითქოს სულ პირველად ხედავ სამყაროს და თავიდან იწყებ მის შესწავლას. ანდრეიც შეიცვალა ივან დიმიტროვიჩთან ( სულით დაავდებული პაციენტი) საუბრის შემდეგ. მან  ასწავლა, რომ უკმაყოფილებისა და ტანჯვის გამოხატვა სულაც არ არის სასირცხვილო საქმე. მისივე სიტყვებით: ” ორგანული ქსოვილი კი, თუ მას სიცოცხლის უნარი შესწევს, უნდა უპასუხებდეს ყოველგვარ გაღიზიანებას. და მეც ვეწინააღმდეგები! ყვირილითა და ცრემლებით ვუპასუხებ  ფლიადობას”.
  მასთან საუბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ანდრეის ცხოვრებაში. ხალხს ჩამოშორდა,  ინტერესი ყველაფერში დაკარგა, ბედნიერებას აღარფერი ჰგვრიდა. დაიწყო ხალხის გაკრიტიკებაც, რომელიც დაბალი მისწრაფებანით ცხოვრობდნენ. ხშირად დადიოდა ივანთან სასაუბროდ, რის გამოც ეჭვები გამოიწვია ხალხში. ისინი თვლიდნენ, რომ ანდრეი გაგიჟდა და ამიტომაც მალევე, პირურყვივით გამოკეტეს ცივ, უსულო ოთახში და სულით დაავდებულის დაღი დაასვეს.

ანდრეი ეფიმიჩმა ცხოვრების მწარე გემო გაიგო. ამ თეთრ და ცივ პალატაში  სული ეხუთებოდა.  ვეღარ იტანდა ფანჯრის კუთხეში მოქცეულ მეწამულ მთვარეს, რომელსაც ყოველ ღამე უყურებდა. შესძულდა საავადმყოფოს გრძელი, ზოლებიანი პერანგიც.   სიცხოხლე მოსწყურდა, შმაგივით მოუნდა თავისუფლება! აღარანაირი ფილოსოფიური გულგრილობა, ბედასლობა და ფლიადობა! როგორმე თავი უნდა დაეღწია ამ ცივი ოთხკედელიდან!მაგრამ ვაი, რომ სოციუმი ვერ იტანს განსხავებულად მოაზროვნეებს?!  ანდრეი სამყაროს ქვეცნობიერს ჩაწვდა, გაიგო მისი რეალური ფერები და ამიტომაც გადაწყვიტა გამოყოფა. მაგრამ წესი შემდეგნაირია –  ვინც განსხვავებულია განწირულია. სწორედ იმავე ნაირ ფსიქოლოგიურ აქტს ვხედავთ ჯემალ ქარჩხაძის “იგიში”. როდესაც სოციუმი ავიწროვებს განსხვავებულას მოაზროვნე პიროვნებებს. არავის ესმოდა ეფიმოვიჩის… ბულგაკობის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა – ” ტოლერანტობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ინტელექტუალურ ადამიანებს აუკრძალავენ აზროვნებას, რათა მათი კრიტიკული აზროვნებით შეურაცხჰყოფილნი არ დარჩნენ იმბიცილები”. ანდრეიმ, ისევე როგორც ივანმა, გაანალიზა სასტიკი რეალობა, რომელიც არავის ინდობს. გააცნობიერა, რომ ამ სამყაროში პირმოთნეობისა და აფერის გარდა არაფერი არსებობს და დაიწყო მათი გაკრიტიკება. ეს არ მოეწონა სოციუმს და ამიტომ გამოკეტა სატუსაღოში ( როგორც ივან კარამაზოვი იტყოდა) – “ძმური, მეგობრული სიყვარულით”.


   ის მაშინ მოკვდა პირველად და მაშინ გაუჩერდა გული, როდესაც ივანის დახმარებით გააცნობიერა სამყაროს და სოციუმის ვერაგობა. მეორედ მაშინ მოკვდა როდესაც მტარვალი ზედამხვედველი შეუბრალებლად სცემდა, რადგან თავისუფლება სწყუროდა. საბოლოოდ კი მაშინ მოკვდა, როდესაც ბოლო იმედიც მოუკლეს და მიუსაფარი დატოვეს. სისხლი გაუყინეს ბედისწერისაგან დევნილ ადამიანს. მის სიკვდილში კი არაფერი იყო განსაკუთრებული, მის ნაირად ბევრი კვდება და მალევე ივიწყებენ. “ტანჯული ცხოვრება ჯილდოთი ან აპოთეოზით არ დამთავრდება, არამედ სიკვდილით” . 
 
პალატა ნომერ ექვსში მყოფმა ადამიანებმა უარი განაცხადეს ფსევდო-ჰუმანიზმობაზე, ამიტომაც იყვნენ ასეთი გამორიყულნი. ისინი არ შეურიგდნენ ისეთ სამყაროს, რომელიც  დაფარულია სიძულვილითა და ეგოიზმით.

ურსულა კ. ლე გუინი – “ვინც ომელასიდან მიდის”

ომელასი უტოპიაა, ისეთი ქალაქია, რომელშიც ცხოვრება ყველას მოუნდება. ეს ქალაქია მეცნიერების, მუსიკისა და ხელოვნების აღორძინების. ადგილი, სადაც ყველა, დიდი თუ პატარა, ბედნიერია. მაგრამ როგორც კარგადაც არ უნდა ჟღერდეს  ყოველდღიური დღესასწაულები, ზეიმის ორომტრიალი ჰაერში და უდარდელი ხალხი, უნდა ვიცოდეთ, რომ  ყველაფერს აქვს თავისი მეორე, ბნელი ფრთა – როგორც პროტაგორამ თქვა, ” ყველა კითხვას ორი მხარე აქვს” , ომელასიც გამონაკლისი არ არის.  ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს და ომელასის ერთ პატარა, ბნელ ოთახშიც სწორედ ამიტომ არის გამოკეტილი პატარა, უმწეო ბავშვი.  ამ ქალაქის მოსახლეობის უდარდელობასა და ბედნიერებას  ბავშვი ეწირება. მცირეწლოვნი ყოველდღე პატარა  ფანჯარას უყურებს, რომელშიც რთულად აღწევს მზის სხივები და ალბათ,   თავის დედაზე ნატრობს, რომლის  ნაზი ხმა ჯერ კიდევ ახსოვს.
თავისი გონებასუსტობის გამო  ჯაგრისების ეშინია, ისინი მას თავზარს სცემენ. ხანდახან ლაპარაკსაც იწყებს, “კარგად მოვიქცევი ოღონდ გამიშვით”, უმწეო ხმით სთოვს არავის, რადგან მას ყურადღებას არავინ აქცევს. მოსახლეობამ იცის, რომ ეს უბედური ბავშვი, რომ არ სლუკუნებდეს იმ ბნელ ოთახში  ან რომ არ იტანჯებოდეს, ომელასი სრულიად დაკარგავდა თავის მომხიბვლელობასა და ბედნიერ იერს. სწავლულებს სიბრძნე და ოსტატობა წაერთმეოდათ, ადამიანებს სინაზე და ჯანმრთელობა.

  ბავშვის სანახავად  მხოლოდ ათასში ერთხელ თუ მიდიან ახალგაზრდები, რომელებმაც ახლახანს გააცნობიერეს ომელასის შავი საიდუმლო. ზოგს მისი ნახვის შემდეგ თვალზე ცრემლი აწვება, სიბრალულს გრძნობს მაგრამ მაინც არ მიდის ქალაქიდან, ვერ თმობს ბედნიერ ცხოვრებას. ზოგიც კი  მიდის, რადგან ვერ ეგუებიან  ასეთი სიმართლით ცხოვრებას.
   წავიდოდი თუ არა ომელასიდან? ამ კითხვაზე სიღრმისეული და ზუსტი პასუხი არ მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ომელასში უნდა დავრჩე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი გამოგონილია და პერსონაჟებიც ფიქციურია, სიუჟეტი რეალობასთან ძლიერ ახლოა. სამყარო დაუდობელია და რაც არ უნდა მოიმოქმედო ვერავინ იქნება ერთდროულად გამარჯვებული და ბედნიერი. ამ სამყაროში დამარცხებულებიც არსებობენ, რომლებზეც ძალაუფლებისმქონეები მბრძანებლობენ.  ერთგვარად, ეს ადამიანის ბუნებაა, სუსტზე ბატონობა. მაგრამ, ხანდახან მახსენდება, რომ იმ ბავშვსაც აქვს გრძნობები, მიუხედავად იმისა, რომ განწირულია და სამყაროში ადაპტირებას ვერ მოახერხებს, მაინც არ მსურს, რომ ვინმეს უბედურებისა და ტანჯვის მიზეზი  ვიყო. დროდადრო, ომელასიდან წასული ხალხი მძულს, მგონია, რომ პასუხისმგებლობა სრულიად იხსნიან და გარბიან. მათი წასვლით, ხომ არაფერი ეშველება იმ ერთი ციდა ბავშვს, რომელიც ამ საშინლად ცივ ოთახშია გამოკეტილი?!  მაგრამ მესმის, მთელი მოსახლეობის გაცვლა ერთ ბავშვზე, ძალზედ სადაო საკითხია. მწერალიც წასულების მხარს იჭერს, არაკრიტიკებს მათ იმის გამო, რომ ბავშვი მიატოვეს, რადგან “მათ თითქოს იციან, სადაც მიდიან, მათ, ვინც ომელასიდან მიდის”…

“ინტელექტი ძალადობას გამორიცხავს”

განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ადამიანისთვის, რადგან “წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია” (ი.ჭავჭავაძე.)

სწავლა განვითარების წინაპირობაა. რაც უფრო მეტს იგებ სამყაროზე, მით უფრო უკეთესად აცნობიერებ შენი “მორალური კომპასის “ისრების მიმართულებას. ცოდნით გინვითარდება მსოფლმხედველობა და მსჯელობის უნარი.

სამწუხაროდ, მხოლოდ განათლება ვერ დაგეხმარება კარგ ადამიანად ჩამოყალობებაში. ვფიქრობ, აქ აღზრდა და გარემოფაქტორებიც დიდ როლს თამაშობს. შეიძლება არ გქონდეს განათლება მიღებული, მაგრამ სათნო და კაცთმოყვარე ადამიანი იყო ან პირიქით, გაგაჩნდეს დიდი ცოდნა და კაცთმოძულე იყო. სწორედ ასეთია დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვების” პერსონაჟი, სმერდიაკოვი, რომელიც ინტელიგენტი და ნამდვილად გონიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ზიზღითაა შეპყრობილი ყველასა და ყველაფრის მიმართ. ისტორიაშიც ბევრი ასეთი ფიგურა შეგვხვედრია – სტალინი და ჰიტლერი, რომლებიც თავიანთ თანამდებობებს ვერ მიაღწევდნენ გონიერების გარეშე, თუმცა დღეს არავინ უარყოფს, რომ ისინი ტირანები იყვნენ, რომელთა სახელებსაც ბევრი სიკვდილი მიეწერება. ისინი ავიწროვებდნენ ხალხს, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ახდენდნენ, რათა უფრო გაემარტივებინათ ადამიანით მანიპულირება. მიუხედავად ცოდნისა, ისინი ბუნდოვნად არჩევნდნენ კარგსა და ცუდს. მათ არ ჰქონდათ მართებული წვდომა, მაშასადამე, ვერ დავინახავდით მათ ქმედებებში რაიმე მართებულს.

სწორედ ამიტომ არ ვთვლი, რომ ინტელექტი ძალადობას გამორიცხავს. შესაძლებელია ადამიანი ყველა ენაზე საუბრობდეს, ჩაწვდეს სამყაროს ყველა იდუმალებას, მაგრამ იყოს კაცთმოძულე.

სიყვარული თვით ღმერთი არს.

სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც თავს ადამიანად და პიროვნებად გვაგრძნობინებს, რომელიც გვასწავლის რა არის მეგობრობა, ერთგულება, ბედნიერება და თანაგრძნობა.

სხვადასხვა რელიგიებში, იქნება ეს ქრისტიანობა და ისლამი, ღმერთის არსი სიყვარულში მდგომარეობს. სიყვარულია, სწორედ ის მთავარი ღერძი, რომელზეც აგებულია და განმარტებული ისეთი აბსოლუტები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება.

ღმერთი თვით სიყვარულია და მაშინ უნდა იწამო, “ღმერთის სახე, რომ არა აქვს. რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის.” (ნ. დუმბაძე)

ღმერთი, სიყვარული ყველგანაა. სამყაროს ყველაზე ბნელ კუნჭულშიც კი ყველაზე მომხიბვლელად ანათებს და გზას უკვალავს უსიყვარულოდ დარჩენილ ხალხს. უსიყვარულო ადამიანი კი ყველაზე შესაბრალია, რადგან სიყვარულის გარეშე პიროვნება ცარიელი, უმიზნო და უშინაარსოა. სწორედ მაშინ ხდებიან “ჟღარუნა რვალები” ან “ჩხარუნა წინწლები”.

სიყვარული სულგრძელობა და კეთილგონიერებაა, წინაპირობაა ბედნიერებისა. ის, იმ ადამიანებში უნდა ვეძიოთ, რომელთაც ყოველდღე ვხედავთ და ვფიქრობთ რაოდენ წარმოუდგენელი იქნება მათ გარეშე ცხოვრება. იმ ადამიანებში, რომლებიც სასოებითა და რწმენით არიან აღჭურვილნი შენ მიმართ. ზრუნავენ შენზე და შენ კეთილდღეობაზე.

შენც, ნაზად უნდა მოეპყრა და გაუფრთხილდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენი სიყვარულის პირველწყარონი არიან.

ფრიდონისა და ტარიელის შეხვედრა

მაშინ გაიცნობს ტარიელი ფრიდონს, როდესაც ქალაქის შესასვლელთან შეჩერებული, დარდსა და სასოწარკვეთას მისცემოდა და დასტიროდა თავის საყვარელს. სწორედ მაშინ, შემოიჭრება მის ცხოვრებაში შავ ტაიჭზე ამხედრებული, ომახიანი და შეუპოვარი ნურადინ ფრიდონი, რომელიც ახლა რატომღაც “წყრებოდა, იგინებოდა” და “ჩიოდა”.

ამ უცხო მეომარში ტარიელმა თავისი თავი ამოიცნო. რთული არ არის მისახვედრად, რომ ის უსამართლოდ იყო დაჩაგრული, სწორედ ისევე როგორც ტარიელი ფარსადანის მიერ. ამიტომაც მოუნდა მისი გაცნობა და ამიტომაც შეეთვისნენ ასე მარტივად (როგორც ტარიელი ამბობს “უტკბოსი მამა-ძეთასა” ) .

უცხო მოყმემ გაიგო, რომ ეს ადამიანი მულღანზარის მმართველი, ნურადინ ფრიდონი ყოფილა. მასვე ეკუთვნის “ზღვასა შიგან კუნძული”, რომელიც ახლა მის ბიძაშვილებს უპყრიათ ხელთ. ფრიდონი სანადიროდ წასულა და იმ სადაო ტერიტორიაზე გადასულა. “ჩემთა რად დავრიდო რა-?”; ” ვნადირობდი და ვიზახდი ხმა ჩემი არ უდიდოდა”. მშვენივრად იცოდა, რომ მისი ბიძაშვილები ლაშქარს გამოაგზავნიდნენ, მაგრამ არ შედრკა, თქვა იმას რად დავერიდო, რაც ჩემიაო?

მაშინაც არ შეშინდა, როცა ბიძაშვილების ამალამ ყველა დაუხოცა და მარტო დატოვა. არც მაშინ, როდესაც ხმალი გაუტყდა და ისრები გამოელია. პირიქით, უფრო მეტ სიმამაცესა და ვაჟკაცურ სულისკვეთებას იჩენდა – “ვინც მდევდა ვერ შემომხვდა, მივუბრუნდი, მივაბრუნე” .

მამაც და უდრეკ მეომართან ერთად, ვიგებთ, რომ კარგი მმართველი ყოფილა. ” პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სატე კოტასა”. დიდებული, კარგი თვისებების მატარებელი მმართველი უნდა იყო, ასე რომ შეუყვარდე შენს ხალხს.

ტარიელი ფრიდონს ლომს უწოდებს. ძალიან კარგი მეტაფორაა ფრიდონის დასახასიათებლად ვინაიდან, ძალიან შეესაბამებოდა ფრიდონის იმდროინდელ სიტუაციას, როდესაც ნაწარმოებში “ხმაურიანობა” შემოიტანა და ტარიელის სევდიანი ცხოვრება გაამრავალფეროვნა. მეორე მხრივ, კი იმიტომ, რომ ფრიდონი დაუმორჩილებელი, სამართლიანობისთვის მებრძოლი თავისუფალი პიროვნებაა.

წამხედურობა დაღუპველია

დღეს ყველა ცდილობს საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი. აკეთებენ იმას რაც არ მოსწონთ, იცვამენ იმას რაც მათ გემოვნებაში არ ჯდება და ხდებიან ისინი, ვინც აკმაყოფილებენ  სამყაროში დამკვიდრებულ უაზრო სტანდარტებს.  სწორედ წამხედურობაა ის, რითაც იტანჯება ოცდამეერთე საუკუნის პიროვნებაგაღატაკებული საზოგადოება.
      არაფერია ცუდი იმაში, რომ ისეთ ადამიანს მიბაძო, რომელმაც თავისი კეთილი საქმეებით სახელი გაითქვა, პირიქით მოსაწონიც კია.  წამხედურობა ასეთი მიბაძვისგან კი ძალიან განსხვავდება.  წამხედურობაა, როდესაც დაიწყებ დაბრმავებული, ისე მოქცევას როგორც  მოეწონება სოციუმს. ამიტომაც არის დამღუპველი და საშიში, ვინაიდან წამხედური კარგავს თავის პიროვნებას, ინდივიდუალურობას და ხდება ერთფეროვანი საზოგადოების წევრი, რომელშიც ხალხს ერთმანეთისაგან ვერ გამოარჩევ, ისე შეისისხლხორცეს მათივე მიღებული შაბლონური მახასიათებლები და წესები.
  

  მაგრამ არსებობენ ისეთი ადამანებიც, რომლებიც აცნობიერებენ რამდენად დამღუპველია ასე ცხოვრება, მაგრამ ვერ გამოეყოფიან, ვინაიდან აქვთ შიში მარტო დარჩენისა. ალბათ, ძალიან კარგად აღწერს ჯემალ ქარჩხაძე ამ პრობლემას თავის ნაშრომში “იგი”.  როდესაც გააცნობიერა იგიმ, რომ  განსხვაბებული იყო სხვებისაგან, შეშინდა და რამდენიმე დღე მაინც მოხრილი დადიოდა, რათა ხალხი ვერ მიმხვდარიყო, რომ ის სხვნაირია.
   

პლატონის მიერ, “სახელმწიფოში” ნახსენები გამოქვაბულის იგავიც იმავე აზრის მატარებელია. ერთ გამოქვაბულში გამომწყვდეულნი არიან ადამიანები. ერთ-ერთი მკვიდრი   შეძლებს თავის დაძვრენას და როდესაც გათავისუფლდება, გაოგნდება გარესამყაროს სილამაზით. ახლადნაპოვნი თავისუფლებით აღტაცებულ გამოქვაბულის მკვიდრს შეეძლო, შემოერბინა მთელი სანახები, მაგრამ, ამის სანაცვლოდ, ის ფიქრობს გამოქვაბულში დარჩენილ ხალხზე, მათთან ბრუნდება და ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ გარეთ უკეთესი ცხოვრება ელოდებათ. მაგრამ მისი არ სჯერათ, გამოქვაბულის კედელზე მიუთითებენ და ამბობენ, ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთო. ბოლოს ისინი მას კლავენ.
     არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის იგავი, როდესაც მეფე საზოგადოების წინაშე უხილავ სამოსსში წარსდგება. ხალხი კი ტაშს დაუკრავს და დაიწყებს მეფის სამოსის დადებითად შეფასებას.

წამხედურებს განსხვავებულები არ უყვართ. არ უყვართ ადამიანები, რომლებიც მათ პირობითობას არღვევენ და გზას კვალავენ ჭეშმარიტებისკენ. ამიტომაც ბევრი მსხვერპლია – ისევე, როგორც იგი და ის გამოქვაბულის მკვიდრი.
  

 რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ წამხედურობა ფსიქიკას გვიმახინჯებს და უნებურად რეგრესს განვიცდით.  ინდივიდუალურობაა, რითაც ყველანი ამაყნი უნდა ვიყოთ და არა შეშინებულნი და გამწყრალნი, რომ მასთან(ინდივიდუალურობით) ჩვენი ყოფნით სოციუმში ადგილს ვერ დავიკავებთ.
    
   
     

Some people think that social media is changing child and parent relationship

Social media plays big part in our life. It helps us to communicate with friends, share our ideas and thoughts. But no matter how good, interesting and enjoyable it sounds, social media has its own disadvantages.  For example, Social media  ruins child-parent relationship.
  

  Average persons spends at least 3 hours per day in internet. But statistic are higher in teenagers, since they want to play games, chat with online and non-online friends,  upload their photos as a memories and etc.  First problems, that show up is connected with time-management. Children don’t understand that they spend lots of time on social media, and parent is forced to scold and tell off their kid.  I do believe that, with every child-parent fight, kid becomes more stubborn and wilful. Because of that parents have to start anothet quarrel and hot-headedly they tell their children that they are not good enough, how bad they are at studing and etc.  Of course, they are not sincere words, but affect  child’s mental state.
  

  Internet and social media are not safe places for people, especially for kids. Because of that, some parents don’t let their kids have social media, unless their age will be sufficient.  Consequently, child becomes determined to have their ‘personal space’, as they call it, and goes against parent.  That becomes another reason, for ruining their  relationship.
     In conclusion, i agree that, social media ruins child-parent relationships.